ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

თხილის შესაწამლი აპარატების დარიგება დაიწყო

11 April, 2019

თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ შესაწამლი აპარატების დარიგება სამეგრელოში დაიწყო. პირველი 100 აპარატი ფერმერებს სოფელ ნაცატუში გადაეცემა. იქვე, თხილის საშრობში ფერმერები გაეცნენ აპარატის გამოყენების ინსტრუქციას და თხილის შეწამლის ზუსტ პირობებს. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე – გიორგი ხანიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული სამგრელო -ზემო სვანეთში ალექსანდრე მოწერელია ესწრებოდნენ. თხილის მოსავლის გადარჩენის კამპანია ახლა უკვე მთავარ საფეხურზე გადადის. თხილის მწარმოებელთა ასოციაციაციის იდეას – გადავარჩინოთ თხილის მოსავალი მხარს სახელმწიფო, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტრო, ადგილობრივი თვითმმართველობები, კომპანია ფერერო და USAID უჭერენ. სახელმწიფოსგან მიღებულ შესაწამლ აპარატებს ასოციაცია ფერმერებს უსასყიდლოდ გადასცემს და ბაღის მოვლისა და შეწამლის ყველა ეტაპზე პროცესს კოორდინირებას გაუწევს. კამპანია მიზნად ისახავს ფაროსანასთან ბრძოლის წინააღმდეგ ფერმერების ცნობიერების ამაღლებას, თხილის ბაღის მოვლის შესახებ პროცესების მართვას და მაღალი ხარისხის თხილის მოსავლის მიღებას. 1 თვის განმავლობაში ფერმერებთან სამეგრელო, იმერეთისა და აჭარის მასშტაბით სულ 200 მდე შეხვედრა ჩატარდა. თხილის მწარმოებელთა ასოციაციის კოორდინატორებმა და ტრენერებმა ფერმერებს თხილის ბაღის შეწამვლის მნიშვნელობა პირადად აუხსნეს. შეხვედრებზევე ივსებოდა პროექტში ჩართვის მსურველ ფერმერთა განაცხადებიც. თხილის მოსავლის გადარჩენის პროექტში ამ ეტაპზე 15 000 მდე ფერმერი ჩაერთო. ისინი უკვე დაიყვნენ ჯგუფებად და საკუთარი ჯგუფის ლიდერებიც აირჩიეს. სწორედ ლიდერებს გადაეცემათ თხილის შესაწამლი აპარატები და ისინი გაუწევენ პროცესს ზედამხედველობას. თხილის მოსავლის გადარჩენის პროექტის ფარგლებში ასოციაცია ფერმერებს ხელს შეუწყობს შეღავათიანი პირობებით შეიძინონ სასუქი პრეპარატები და პესტიციდები და რაც მთავარია, ზედამხედველობა გაუწიოს აუცილებელი აგროღონისძიებების ხარისხიან გატარებას მთელი პერიოდის განმავლობაში. რადგან შეწამლის ყველა ეტაპის დაცვა მნიშვნელოვანია და პროცედურების საფუძვლიანად გავლის შემთხვევაში, საშემოდგომოდ ფერმერები მაღალი ხარისხის თხილის მოსავალს მიიღებენ.

გააზიარე