ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

თამარ ქიტიშვილის შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ესტუმრა

14 ივლისი, 2020
ფოტო: 

ფოტოალბომი facebook

 

დასავლეთ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ესტუმრა.

მინისტრის მოადგილე, ზუგდიდის მერთან გიორგი შენგელიასთან, მის მოადგილესთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავასთან ერთად, იმ მასწავლებლებს შეხვდა, რომლებმაც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, ზოგადი განათლების კომპონენტი უნდა ასწავლონ. სამუშაო შეხვედრისას, განხილული იყო მასწავლებელთა შერჩევისა და ტრენინგის ეტაპები. მასწავლებლებმა ისაუბრეს ინიციატივის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვეს მათი მხრიდან სასწავლო პროცესში ჩართვის მზაობასა და მოტივაციას.

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველია იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან, რომელიც ჩართული იყო პროფესიული განათლების საფეხურზე ზოგადი განათლების ინტეგრირებული პროგრამების პილოტირების პროცესში. უნივერსიტეტს მიმდინარე პერიოდში გამოცხადებული აქვს სტუდენტთა მიღება დეკორატიული მებაღეობის პროფესიულ პროგრამაზე, ხოლო აგვისტოს თვემდე გეგმავს სტუდენტთა მიღება გამოაცხადოს კიდევ 6 პროფესიულ პროგრამაზე, როგორც ზუგდიდის, ასევე სენაკის სასწავლო ბაზებზე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აგრძელებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მსურველთა რეგისტრაციას. წელს პირველად გამოცხადდა რეგისტრაცია იმ პროგრამებზე, რომლებიც საბაზო განათლების მქონე სტუდენტებს, პროფესიული განათლების მიღების პარალელურად, სრულ ზოგად განათლებასაც შესთავაზებს. 3 წლიანი პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კურსდამთავრებული სკოლის ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს მიიღებს.

ბოლო 15 წლის განმავლობაში პროფესიული განათლება განიხილებოდა, როგორც „საგანმანათლებლო ჩიხი“, რომელიც 9 კლასის განათლებით მოსულ სტუდენტებს ვერ უქმნიდა უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას. ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების საფუძველზე, პროფესიული განათლების შესახებ ახალი კანონის მიღებითა და კვალიფიკაციების ახალი ეროვნული ჩარჩოს დამტკიცებით, სამინისტროს გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით სისტემურად დაიწყო საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაზე მუშაობა.
მიმდინარე ეტაპზე, საშუალო პროფესიულ პროგრამებზე მიღება გამოცხადებულია 7 საგანმანათლებლო დაწესებულებაში 8 პროგრამაზე. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს პროგრამების ავტორიზაციის პროცესი და ივლისის ბოლომდე სარეგისტრაციო ბაზაში განთავსდება 15 საგანმანათლებლო დაწესებულების 40-მდე პროგრამა. ამდენად, დანერგვის პირველივე წელს საშუალო პროფესიული პროგრამები შეთავაზებული იქნება თბილისის, გურიის, კახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

გააზიარე