ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

ლაშა გოგია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა

11 იანვარი, 2018

ფოტოალბომი facebook

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს შეეხო.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, ისეთ პრობლემურ საკითხებზე ისაუბრეს, როგორიცაა  პირუტყვის თვითნებური გადაადგილება  ქალაქის ტერიტორიაზე. რაზეც მერმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მოქალაქეების პასუხისმგებლობის საკითხი, მუნიციპალიტეტს აქვს დაწესებული სანქციები, რომელიც უახლოეს პერიოდში ამოქმედდება და ითვალისწინებს ფულად ჯარიმას.

ასევე, საუბარი შეეხო ზუგდიდში არსებულ ინფრასტრუქტურულ საკითხს, კერძოდ შიდა გზების პრობლემას, რაზეც ლაშა გოგიამ განმარტა, რომ ქუჩებზე, სადაც უკვე დასრულებულია დაქსელვითი სამუშაოები საჭიროა გზის საფარის მოწესრიგება და  სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად ჩატარება.

ამავე შეხვედრაზე,  საუბარი „თაუნ პარკის“ საკითხს შეეხო, რომელსაც ქალაქში პარკირების მოწესრიგება დაევალა. მერის განმარტებით, კომპანიას ადგილობრივი ბიუჯეტის მიმართ დავალიანების დასაფარად აქვს განსაზღვრული ვადა და თუ ანაზღაურება არ მოხდა მერიისგან მითითებულ პერიოდში, გადაიხედება ხელშეკრულების გაგრძელების საკითხი. 
„მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეფექტური მუშაობისთვის, ჩვენთვის ძალიან მნიშნელოვანია მოქალაქეთა ჩართულობა და სამოქალაქო საზოგადოების როლი. თქვენი აზრი იქნება გათვალისწინებული და ეს შეხვედრები პერიოდულად გაიმართება. ასევე, უფრო მეტი გამჭვირვალობისთვის, მინდა შემოგთავაზოთ სოციალური სახლების მშენებლობის კომისიის წევრობა, “- აღნიშნა მერმა შეხვედრაზე.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მერს მადლობა გადაუხადეს შეხვედრის ორგანიზებისთვის და აღნიშნეს, რომ მსგავსი ნაბიჯის გადადგმა და მათი აზრის გათვალისწინება მისასალმებელია.

შეხვედრას მერის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე და შესაბამისი სამსახურის წარმოამდგენლები ესწრებოდნენ.

გააზიარე