ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

ახალგაზრდული ფესტივალი ზუგდიდში

11 ოქტომბერი, 2018

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სკეიტ პარკში ახალგაზრდული ფესტივალი „თანატოლები თანასწორებისთვის“ გაიმართა. ,,მოგესალმებით, მიხარია რომ, ზუგდიდი ახალგაზრდულ ფესტივალს ,, თანატოლები თანასწორობისთვის“ მასპინძლობს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვის მხარს დაუჭერს ისეთი ფესტივალების გამართვას, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისკენაა მიმართული და ხელს უწყობს გენდერული თანასწორობის საკითხებში ახალგაზრდების ინფორმირებულობასა და ჩართულობას. აქვე, აღვნიშნავ რომ მერია მრავალ საინტერესო პროექტსა და პროგრამას ახორციელებს ამ მიმართულებით და მომავალშიც განახორციელებს. ჩვენ ყოველთვის მივესალმებით მსგავსი ფესტივალების გამართვას ჩვენს მუნიციპალიტეტში და ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ყოველწლიური სახე მიიღოს“-აღნიშნა მისასალმებელ სიტყვაში მაიზერ ნანავამ. ღონისძიების მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და გენდერული თანასწორობის საკითხებში ახალგაზრდების ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდაა. ახალგაზრდული ფესტივალის ფარგლებში, სპორტული აქტივობები, არასამთავრობო ორგანიზაციების გამოფენა, ცოცხალი ბიბლიოთეკა, სახეების მოხატვა, კაცების კულინარიული შეჯიბრი და ხელნაკეთი ნივთების და ფლორისტების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ფესტივალი ტარდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და ასოციაცია „ათინათის“ პარტნიორობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ფესტივალს თბილისდან მოწვეული DJ და ლაზერ შოუ დაასრულებს.

გააზიარე